ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დაკავებულ კარტოგრაფებს, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს თავდებში დაუდგნენ. მისივე ცნობით, იურისტები გეგმავენ, სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლა მოითხოვონ.
"მათ, ვისაც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბედი გაღელვებთ (და ვიცი რომ ბევრს გაღელვებთ), მწერალი ხართ თუ ეკონომისტი, პოლიტიკოსი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მხატვარი თუ ჟურნალისტი, მღვდელთმსახური თუ მომღერალი, სპორტსმენი თუ საჯარო მოხელე, ა.შ. და ა.შ. უახლოეს დღეებში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მოუწევს მსჯელობა. ჩვენ, ადვოკატები ვაპირებთ, სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლა მოვითხოვოთ, ხოლო თქვენ, შეგიძლიათ თავდებში დაუდგეთ ამ ადამიანებს.
ვინც თავდებობას გადაწყვეტთ ედვარდ მარიკაშვილს უნდა მიწეროთ, ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად", - წერს გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის გვერდზე.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობით მოიპოვა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვა "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
დაკავებული კარტოგრაფების დაცვის მხარე ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის უფლებას ითხოვს, თუმცა, სასამართლომ ადვოკატებს ამის ნებართვა არ მისცა. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მთელი სახელმწიფო აპარატი პროცესების წარმართვაში დაცვის მხარეს ხელს უშლის.
პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება აზერბაინჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".